პოპულარულმა გამოცემა Adweek-მა მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის საუკეთესო რეკლამები გამოავლინა.
გამოცემამ ყველა სეგმენტის რეკლამა გამოყო - დაწყებული სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამიდან, დასრულებული სოციალური რეკლამით.
როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, გასული წლების მსგავსად, წელსაც საკმაოდ კარგად „ფასობს“ სარეკლამო სააგენტოების კრეატიულობა.
Adweek-ის მიხედვით, 2017 წლის პირველი ექვსი თვის გამარჯვებული სატელევიზიო რეკლამის კატეგორიაში „სამსუნგის“ რეკლამა, სახელწოდებით “Ostrich” გახდა. რეკლამის ავტორი ცნობილი სააგენტო ლეო ბარნეტია, რომელმაც შეძლო და ვირტუალური რეალობის შესახებ რეკლამა ტრადიციული ვიდეოს სახით წარმოადგინა.
რეიტინგში საუკეთესო პრინტ-რეკლამად დასახელდა Burger King-ის ცეცხლმოკიდებული რესტორნები. სააგენტო დევიდ მიამის დამზადებულმა რეკლამამ კანის ფესტივალზე გრან პრი აიღო ბეჭდური რეკლამის ნომინაციაში.
Adweek-ის რეიტინგში საუკეთესო ინტერნეტ რეკლამად საფოსტო გადაზიდვების სერვისის Mail Chimp-ის რეკლამა დასახელდა, რომელიც სხვადასხვა თემაზე რამდენიმე რგოლისგან შედგება. რეკლამის ავტორებმა კრეატიულად „დაამახინჯეს“ კომპანიის სახელწოდება MailChimp და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, მათ შორის მუსიკას, მოდას, ჭამას შესატყვისი სიტყვებით ჩაანაცვლეს - MailShrimp, FailChip,s JailBlimp. სააგენტო Droga5-ის რეკლამამ კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე Cyber Grand Prix მოიპოვა.