აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის გამო 35 გამოძახება დაფიქსირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

შსს-ს ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში - რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა.

”კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეს წარმოადგენს, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები, ასევე, აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი”, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით.

ტექნიკური რეგლამენტი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3779710