ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
აღნიშნულის შესახებ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება საკუთარი მედიასაშუალების, Amaq-ის მეშვეობით გააკეთა.
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.
ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.