მე არ დამიწყია და ვერც დავამთავრებ ამ ქვეყანაში ვერც ნარკოტიკების შემოტანას, ვერც გავრცელებას, ვერც მის მიღება-მოხმარებას , - ამის შესახებ „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენის საკითხის კომენტირებისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან ფესტივალის მიმდინარეობისას ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ჯემ ფესტზე“ მომხდარი შემთხვევები შესაძლოა დივერსიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, სიგუას განცხადებით, ნარკოტიკების გავრცელებასა და მოხმარებაზე პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც ამ ნივთიერებას ყიდის და ყიდულობს.
„11 ადამიანი მოიწამლა გაურკვეველი ნივთიერებით. მე პირადად, მგონია, რომ რაღაც დივერსიასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება ნარკოტიკების კონტროლსა და გამკაცრებას, ახალი არ არის, მე არ მომიგონია, რომ სადაც არის გართობა და დროს ტარება, იქ აუცილებლად ჩნდება ადამიანების ხელში ნარკოტიკი, ალკოჰოლი და სხვა. მე არ დამიწყია და ვერც დავამთავრებ ამ ქვეყანაში ვერც ნარკოტიკების შემოტანას, ვერც გავრცელებას, ვერც მის მიღება-მოხმარებას.
ხშირად მეკითხებიან, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ნარკოტიკების გავრცელებაზე, მე ვპასუხობ, რომ ამაზე პასუხისმგებელია ის, ვინც ნარკოტიკებს ჰყიდის. ის ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, თვითონაც უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. მსოფლიო პრაქტიკაში, როცა არის მაღალი რისკი, რომ ნარკოტიკებისგან ადამიანები ცუდად გახდნენ, არის ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიას, შემოსაზღვრული იყო, პოლიცია მუდმივად პატრულირებდა, კარებში ამოწმებდნენ, დატრენინგებული სამედიცინო პერსონალი იყო. შემთხვევა მოხდა ფესტივალის პიკის დროს. 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფესტივალი და ბუნებრივია, რომ სამედიცინო პერსონალს სამუშაო ექნებოდა“, - განაცხადა სიგუამ.
გიორგი სიგუა დღეს, 11:00 საათზე საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.