თალებ რიფაი: „ ახლა სწორედ ის დროა, რომ მთელმა მსოფლიომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია“

ანდორაში სამთო კურორტების მე-8 საერთაშორისო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თალებ რიფაი, რომელმაც თავის გამოსვლაში სამხრეთ კავკასიაზეც ისაუბრა.

„მე მოვდივარ ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია. იქ მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე მზარდი ქვეყანაა ტურიზმის დარგში. მას აქვს უდიდესი პოტენციალი და ახლა სწორედ ის დროა, რომ მთელმა მსოფლიომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია. ამ ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემის და ყურადღების დასადასტურებლად მე ამ კონგრესზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას „გუდაური სქი რეზორთ“-ის ხელმძღვანელთან გავმართავ,” - განაცხადა რიფაიმ.

თალებ რიფაი 5-7 აპრილს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. მან მაღალი რანგის შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ასევე ოფიციალურად გახსნა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი კონფერენცია.

კონგრესს ანდორაში 500-მდე სამთო კურორტის წარმომადგენელი ესწრება.