მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 22,9 მილიონი ლარის ღირებულების, 5.8 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა. ამის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაყიდული პროდუქციის დიდი წილი (53,6%) ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების იყო, რომლის 96,6% ქათმის ხორცზე მოდიოდა.
„საქსტატის“ ცნობით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.
რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, მის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (35,8%), ხილი და ბოსტნეული (27,6%) და პირუტყვის ხორცი, ხორცპროდუქტები, მათ შორის ნახევარფაბრიკატები (21,1%) წარმოადგენდა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობებმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2,9 ათასი ტონა პროდუქცია შეისყიდეს. მომსახურების საფასურმა კი - 3,8 მილიონი ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის II კვარტალში საქართველოში 26 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისსა (38,5%) და იმერეთში (30,8%) იყო. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლისა (15,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15,4%) რეგიონში.
„მე-2 კვარტალში მომსახურება გაეწია 6722 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 344 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 986 კაცით განისაზღვრა. 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 62,6 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 58,3% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16,2% პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 10,0% - თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.