მოგზაურობა ბევრისთვის გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. 18 წლის ეკატერინე გიორგაძემ კი ის ბიზნესად აქცია და აბიტურიენტობისას საკუთარი ტურისტული კომპანია hot travel დააარსა.
რა კაპიტალით დაიწყო საქმიანობა და რა სირთულეები შეხვდა პირველ ეტაპზე, „ბიზნესპრესნიუსი“ ეკატერინე გიორგაძეს ესაუბრა.
- ტურიზმი ყველაზე კონკურენტუნარიანი სფეროა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი საქმიანობა ტურიზმისთვის დამეკავშირებინა. კომპანია გასულ წელს დავაარსე და უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, ნელ-ნელა ვიზრდებით. 18 წლის ვიყავი, როცა ეს საქმიანობა დავიწყე და პირველ ეტაპზე სკოლის ექსკურსიებს შევთავაზე სხვადახვა პაკეტები. შედეგად ექსკურსია 62-მა სკოლამ გააკეთა, საიდანაც 3 200 ლარი დამრჩა, რომლითაც hot travel დავაარსე. ჯერ სხვა ტურისტული კომპანიის მომსახურებით ვსარგებლობდი, შემდეგ კი საკუთარი ოფისიც გავაკეთეთ, - ამბობს ეკატერინე გიორგაძე.
- რა სირთულეებს წააწყდით პირველ ეტაპზე?
- თავიდან დაწყება რთულია, მით უმეტეს ტურიზმი საკმაოდ კონკურენტუნარიანი სფეროა და სხვა ბევრი კომპანიაა, რომელთა ნდობა უკვე აქვთ მოქალაქეებს. მთავარი სირთულე მაინც ჩემი ასაკი იყო, დათრგუნული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ არ მიცნობდნენ და პატარა ასაკის გამო ჩემი ნდობა გაუჭირდებოდათ. თუმცა რეკლამების მეშვეობით კლიენტების მოძიება მოვახერხე. ახლა უკვე გვიცნობენ, დამატებით დიდი ასაკის თანამშრომლებიც ავიყვანე და ჩემს ასაკთან დაკავშირებული ზედმეტი კითხვებიც მოიხსნა.
- რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
- მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც შიდა, ასევე გარე ტურებს. გვყავს ბევრი პარტნიორი. ვთანამშრომლობ საუდის არაბეთის საკმაოდ დიდ „ნაზიმა ტურთან“, ასევე დუბაისთან გვაქვს ხელშეკრულება, ბაქოსთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, კარგი პარტნიორები გვყავს საბერძნეთის მიმართულებით, ასევე საფრანგეთის, სანკტ-პეტერბურგის, იტალიისა და შვეიცარიის მიმართულებით.
- ბაზარზე არსებული არაერთი სხვა კომპანიის ფონზე, რა არის hot travel-ის უპირატესობა?
- ძალიან კარგი სერვისი გვაქვს. როდესაც სხვა ქვეყანაში ვუშვებთ მომხმარებელს, ჩემი თანამშრომლები ფაქტობრივად, ყოველდღიურად წერენ და კითხულობენ მათ ამბებს. ამით კი მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება. ამასთან, საკმაოდ დაბალი ფასები გვაქვს, რადგან ბევრი პარტნიორი გვყავს, რომლებიც გამზადებულ ტურებს გვაწვდიან. შედეგად დუბაის, სტამბოლის, ბაქოს, ბუდაპეშტის, პარიზისა და იტალიის მიმართულებით ისეთი ფასები გვაქვს, რომ საქართველოში კონკურენციას ბევრი ვერ გაგვიწევს. შესაბამისად ფასი და ხარისხი ტურიზმში ყველაზე მთავარია, სწორედ ამით ვახერხებთ თავის დამკვიდრებასა და წარმატების შენარჩუნებას.
- რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
- ერთ-ერთმა ინდურმა კომპანია ტრივანომ, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, საქართველოშიც დააარსა კომპანია, რომლის 25%-იანი წილის მფლობელიც ვარ. ეს კომპანია ცოტა ხნის წინ დაარსდა, შესაბამისად გვინდა უფრო გავააქტიუროთ და ინდოეთის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებაც დავიწყოთ. გარდა ამისა, მიწვეული ვართ და მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც სექტემბერში საფრანგეთში გაიმართება და რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 55 ათასამდე ტურისტული კომპანია მონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენს უახლოეს გეგმებში ამ გამოფენაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაა.
- კომპანია ასევე მონაწილეობს „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“. რას ელით ამ პროექტისგან?
- „თიბისი“ ბანკის აქტიური მომხმარებელი ვარ და ამ იდეამ ძალიან დამაინტერესა. კონკურსში, წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში ვართ წარდგენილი. მართალია სხვა კონკურსანტებიც იქნებიან, თუმცა, გამარჯვების იმედი გვაქვს. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ „ბიზნესდაჯილდოება“ ცნობადობის გაზრდაში, რეკლამირებაში, საკუთარი სერვისის დამკვიდრებაში ძალიან დაგვეხმარება.