ელიავას ბაზრობაზე ნიადაგი მწვანე საფარისთვის თუ არ ვარგა, იქ მოვაჭრეებისთვის ვარგა?! თუ დაბინძურებულია, მაშინ ადამიანები როგორ მუშაობენ?!
ასე გამოეხმაურა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე დასკვნას, რომლითაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.
„კვლევები არ ჩაგვიტარებია, ნიადაგი როგორია და ა.შ. თუ ტერიტორია შესასწავლია და ნიადაგის მოჭრაა საჭირო, ეს ქალაქმა უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ წარვადგინეთ ქალაქგეგმარებითი წინადადება - თუ როგორ იქნება უკეთესი, დანარჩენი ქალაქმა და კერძო მესაკუთრებმა უნდა გადაწყვიტონ. თუ მწვანე საფარისთვის არ ვარგა ნიადაგი, მაშინ იქ მოვაჭრეებისთვის როგორ ვარგა?! თუ დაბინძურებულია, ადამიანები როგორ მუშაობენ?! რაც შეეხება შესაძლებლობას, გამწვანების გაკეთება სახურავზე არ არის შეუძლებელი და ნიადაგის მოხსნა როგორაა პრობლემა?!“ - განაცხადა სალუქვაძემ.
არქიტექტურისა და რეკლამის კომპანიის ცნობით, მკვლევარებმა ელიავას ბაზრობის ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ტერიტორიაზე ნიადაგი ფაქტობრივად არ არის, ფართობი კი მთლიანად სამშენებლო ნაგვით და ქვა-ღორღით არის დაფარული. ამასთან, შპს „მულტიტესტის“ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, სავაჭრო ცენტრ "დიდუბის", იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია.