თეთნულდის ტრასის მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა

მთავრობის  სხდომაზე სვანეთში თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის დაწყების საკითხი დაამტკიცეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამშენებლო სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო. 

"ჩვენი მხრიდან უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები.  უახლოეს დღეებში დაიწყება სამშენებლო-საზედამხედველო სამუშაოები. ის მოწყობილობა, რაც ჩვენ მივიღეთ საფრანგეთიდან, დასაწყობებულია. გარდა ამისა, წელს ველოდებით რამდენიმე ათეულ კონტეინერს. პროექტის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მინისტრის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე  მუნიციპალიტეტების დაფინანსების საკითხიც დაამტკიცეს. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობების პროექტებისთვის, რომლებიც სამინისტროსთან არსებულ კომისიაში განიხილეს, 81 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"ჯამში, დღეის მდგომარეობით, 140 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული. მათ შორის გვაქვს გარდამავალი პროექტები, რომლის მშენებლობების პროცესი გრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.