ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, საპატრულო პოლიციის ლენტითაა შემოღობილი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბაზრობის ტერიტორიაზე არცერთ გარეშე პირს არ უშვებენ.
ამ დროისთვის ადგილზე კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე კომერციულ ფართებს ფლობენ, თუმცა ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაზიანდა თუ არა ხანძრის შედეგად მათი მაღაზია. მათი განცხადებით, საპატრულო პოლიცია იმყოფება ისნის ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელთან და შესაბამისად, მათ ადგილზე შესვლის და მაღაზიების დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.