სამარშრუტო ტაქსებში შესაძლოა, მხოლოდ  ერთმა რადიომ იმუშაოს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და რეჟისორ გოგა ხაინდრავას შორის გაფორმდა "ურთიერთგაგების მემორანდუმი", რომელიც სამარშრუტო ტაქსებში რადიო "უცნობის" ბაზაზე სტაციონარული რადიოს გამართვასა და მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნინო პოტრჟებსკაიამ აღნიშნა, ამ ტიპის რადიოს მოწყობა მძღოლებთან ნებაყოფილობით შეთანხმების შედეგად მოხდება და, შესაბამისად,  მიკროავტობუსებში სხვა რადიოების მოსმენა არ დაიბლოკება.

ამასთან, პოტრჟებსკაიასთვის უცნობია, თუ როდის დაიწყებს რადიო ფუნქციონირებას და რა ტიპის გადაცემები ექნება.

"ჯერჯერობით,  პროექტი მხოლოდ მემორანდუმის დონეზეა. ტექნიკურად რადიო რომ გაიმართება, შემდეგ იმსჯელებენ შინაარსობრივ მხარეზე. რადიო რეალურად მორგებული იქნება ყველა ასაკობრივ მოთხოვნაზე: რა კატეგორიაც და მგზავრებიც ყავს მიკროავტობუსს. ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელიც მემორანდუმის სახით არის გაფორმებული. ამ ეტაპზე ტექნიკური მხარე არ დამუშავებულა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი", - დასძინა პოტრჟებსკაიამ.

მისივე თქმით, კომპანიასა და გოგა ხაინდრავას შორის მემორანდუმი რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.