მემინგენის გაუქმებული რეისის მგზავრი - ფრენა 24 აგვისტოს გადაგვიტანეს, 3 დღე სად უნდა წავიდეთ არ ვიცით

მემინგენიდან მომავალი რეისის გაუქმების გამო, ფრენა 24 აგვისტოს გადაგვიტანეს.

გამოფრენა დორტმუნდიდან მოხდება, აქედან უზრუნველგვყოფენ მხოლოდ ავტობუსით აეროპორტამდე, იქ კი 3 დღე სად უნდა წავიდეთ არ ვიცით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით გაუქმებული ავიარეისის ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ავიარეისის გაუქმების შემდეგ მგზავრები უყურადღებოდ, ყველანაირი ინფორმაციის გარეშე იმყოფებოდნენ აეროპორტში. საბოლოოდ კი, მათ მიიღეს დაპირება, რომ გაუქმებული ავიარეისის მგზავრები ეტაპობრივად სხვადასხვა ქალაქიდან გამოემგზავრებიან საქართველოში.

”მემინგენიდან მივდიოდით გუშინ, 20:50 საათზე, ქუთაისის მიმართულებით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეგვამოწმეს, ბეჭედი ჩაგვირტყეს და ველოდებოდით ჩასხდომას. 15 წუთში გავიგეთ, რომ თვითმფრინავი იგვიანებდა ნახევარი საათით და ჩასხდომაც შესაბამისად გადაწიეს. შემდეგ ისევ გადაწიეს 1 საათით და ბოლოს საერთოდ მოგვიხსნეს, მიზეზი კი უცნობი იყო. გვითხრეს ქვემოთ ჩაბრძანდით და იქ გეტყვიანო. ქვემოთ რომ ჩავედით, პასპორტში ჩარტყმული ბეჭდები გადახაზეს. ამის მერე უშედეგოდ ვუცდიდით, რა არ ვცადეთ, ვის არ დავურეკეთ. ამასობაში დაღამდა და აეროპორტიც დაიხურა.

ის თვითმფრინავი, რომლითაც უნდა წავსულიყავით, უამინდობის გამო მიუნხენში დაჯდა და იქიდან დაახლოებით ღამის 3 საათზე გავიგეთ, რომ საქართველოში გადაფრინდა მგზავრების გარეშე. აქ გვეუბნებოდნენ, ეს ჩვენ არ გვეხებაო, რადგან არ ჰყავთ ”ვიზ ეარის” წარმომადგენელი.

ახლა სიტუაცია დალაგდა, ხალხი დაიშალა. დიდი ბრძოლის შემდეგ ბილეთები გადაცვალეს. ზოგი მილანში წავიდა, ზოგი ბერლინში, ჩვენ კი 24 აგვისტოს გადაგვიტანეს ფრენა დორტმუნდიდან. აქედან უზრუნველგვყოფენ მხოლოდ ავტობუსით აეროპორტამდე, იქ კი 3 დღე სად უნდა წავიდეთ, არ ვიცით”, - განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა გვანცა ხეცურიანმა.

გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა ავიარეისი არ შესრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.

”ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 საათზე, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა. ხოლო მემინგენიდან მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.