ბაკურიანში რძის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნება

მაისში ბაკურიანში ნატურალური რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.

როგორც ქარხნის მფლობელმა, ინდ-მეწარმე ვლადიმერ სტეფანიანმა bpn.ge -ს განუცხადა, ქარხნის პროექტი მან 2013 წელს შეიმუშავა, მისი განხორციელება კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში შეძლო.

ინდ-მეწარმემ საწარმოს ასაშენებლად ბანკიდან 600 ათასი დოლარის დაფინანსება მიიღო. ამ თანხით რძის ქარხნის გარდა, ვლადიმერ სტეფანიანმა ფერმის, თივის სათავსოსა და თანამშრომლების საცხოვრებლის აშენება შეძლო.

ნედლეულით უზრუნველყოფისთვის მეწარმემ საკუთარი მეურნეობაც გამართა, შვიცის ჯიშის საქონელი ნინოწმინდის რაიონში შეიძინა, რომელთა წველადობა დღეში 15-დან 18-ლიტრამდე მერყეობს.

"ქარხანაში დამზადებული ნატურალური პროდუქტი: რძე, ხაჭო, არაჟანი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. ჩვენ გვაქვს სასტუმროების ქსელი ბაკურიანში და საწყის ეტაპზე სწორედ ამ სასტუმროებს მოვამარაგებთ",-აცხადებს ვლადიმერ სტეფანიანი.