ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების მენეჯერი სამსახურიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ დეპარტამენტის კუთვნილ კომპიუტერებს ბიტკოინების მოსაპოვებლად იყენებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ ილიაევი აღნიშნულ დეპარტამენტში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ის მსგავს დარღვევაში ადრეც ამხილეს და მაშინ ოთხი უქმე დღის სარგო ხელფასით დააჯარიმეს.
ილიაევს დეპარტამენტის კომპიუტერებზე დაყენებული ჰქონდა ბიტკოინის მაინინგის პროგრამები და ღამით, არასამუშაო საათებში (საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე) ამუშავებდა. მთლიან პროცესს კი თავისი ბინიდან, კომპიუტერის მეშვეობით აკონტროლებდა.
აღსანიშნავია, რომ იმავე დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, სახელად რიშარ შაპოტიუ, სამსახურის კომპიუტერების გამოყენებით, განსხვავებული მეთოდით ცდილობდა ბიტკოინების მოპოვებას. მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, ვინაიდან ხელმძღვანელობამ ისიც ამხილა. თუმცა სამსახური არ დაატოვებინეს იმ მიზეზით, რომ ვერ დაუმტკიცეს, რომ უკანონო გზით მოახერხა ბიტკოინის მოპოვება.
CNN-ის ცნობით, მიმდინარე წელს სამსახურის კომპიუტერებით ბიტკოინის მოპოვების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, სამსახურის სერვერს ბიტკოინის მოსაპოვებლად იყენებდა. კანონდამრღვევს 5 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა და ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი ამჟამად 4 000 დოლარს აჭარბებს. ანალიტიკოსთა პროგნოზით, არ არის გამორიცხული, ფასი 5 000-მდე გაიზარდოს.