ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
როგორც აჭარის მთავრობა იუწყება, ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს.
მათივე ცნობით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის "კრისტალ ბილდინგის" აღმასრულებელ დირექტორთან ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ქობულეთში. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ძირითადად აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმრო კომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტები ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის. იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია Crystal Building-ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.