აზერბაიჯანელი და ბელორუსი ტუროპერატორები ბათუმით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით, ბათუმში აზერბაიჯანელი და ბელორუსი ტუროპერატორები იმყოფებიან.

სტუმრებმა შავი ზღვისპირეთში სასტუმროები და ღირშესანიშნავი ადგილები დათვალიერეს, დააგემოვნეს ქართული კერძები და მონაწილეობა მიიღეს გაცნობითი ხასიათის ტურებში. ამასთან, აზერბაიჯანელი და ბელორუსი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთობებიც დასახეს.

"აზერბაიჯანი და ბელორუსი აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზრებია. ამ ქვეყნებში სარეკლამო კამპანიებს გამუდმებით ვატარებთ და ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ვიღებთ", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.  

ცოტა ხნის წინ, აჭარა 20  უკრაინელ ტურ-ოპერატორებსაც მასპინძლობდა. ბათუმში სასტუმრო ”რედისონში" გამართულ შეხვედრაზე კიევის, ხარკოვისა და ლვოვის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ,  უცხოელ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით საზღვაო და ეკოტურები სარგებლობს, კონკრეტულად კი აგროტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება.

"დიდი მოთხოვნაა  ისეთ ტურებზეც, როგორიცაა ღვინის, სამთო-სათხილამურო, საკრუიზო, MICE  და სათამაშო ტურები, რომლებიც თანდათან ვითარდება", - აცხადებენ უწყებაში.