ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მეპატრონე ირაკლი კვიჟინაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ზედმეტად გადახდილი დღგ 10 დღეში დაუბრუნდა.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.
"მოკლედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით ტურისტული კომპანია მქონდა) 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დამეძაბა ურთიერთობა მოვითხოვე რა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს უკან დაბრუნება, აბა როგორა ხარო(?!) (ვის გაუბედე ტონით) და დღგ-ს დაბრუნება კი არა, ისეთი ჯარიმა "მიფეშქაშეს" წლებია ვიხდი, ბოლოში ვერ გავედი და იძულებული ვიყავი კომპანია დამეხურა. გასაჩივრებასაც აზრი არ ჰქონდა სანამ ეგენი იჯდებოდნენ ხელისუფლებაში.
ხოდა ჩემო კარგებო, "არაფერიც არ შეცვლილა" ტიპების გასაგონად უფრო ვყვები ამას - დღესაც მაქვს ტურისტული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანაა. ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე (თუ ჩესნად მუშაობ) დღგ-ს ზედმეტობა მუდმივად გროვდება და ბიუჯეტში სულ ზედმეტობა გვაქვს. ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, დიდხანს ვფიქრობდი გამერისკა თუ არა ისევ მომეთხოვა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება.
ძნელია იმ გამოცდილების მერე ვინმეს ნდობა. მაინც გავრისკე და წერილი გავგზავნე შემოსავლების სამსახურში. გაგიკვირდებათ და ერთ კვირაში მორჩა ყველა პროცედურა... 10 დღეში თანხა უკან დამიბრუნდა. სტატუსებივით არც დითირამბები მეხერხება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი (ჯანსაღი) მიდგომა რიგ საკითხების მიმართ აღნიშვნის ღირსია", - წერს კვიჟინაძე.