2018 წლის პირველი იანვრიდან ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ.
პორტის მფლობელი APM Terminals-ის ინფორმაციით, შესასვლელებში მოხდება სატვირთო ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ნავსადგურში დაშვების უფლება მხოლოდ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამის ავტომანქანებს მიენიჭება.
„ეიპიემ ტერმინალსის“ ცნობით, ახალი რეგულაციის მიღება ფოთის საზღვაო ნავსადგურში რამდენიმე შეხვედრის შედეგად მოხდა. კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრებში ჩართული იყო რამდენიმე მხარე. მათ შორის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო კომპანიები, საზღვაო ხაზებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
,,ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საზღვაო ნავსადგური გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთო. კვირეულის ფარგლებში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის ტრენინგები გაიმართა, სწავლება 1378-მა მძღოლმა გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
„ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 3 მილიონ 213 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 400,000-ით ანუ 14,2%-ით მეტია. მათივე ცნობით, წინა წელთან შედარებით 10,6%-ით გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები. 144,900 TEU კონტეინერი გადამუშავდა 2017 წლის პირველ ნახევარში, ხოლო 131,000 TEU 2016 წლის პირველ ნახევარში.