ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათეულობით მძიმე ტექნიკა ჩაერთო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, უწყების მიერ ადგილზე ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეცტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან.

ამ ეტაპისთვის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგებისა კომპანიის მიერ სტიქიის ზონაში 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები.

„კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან სიახლოვეს, რომ ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად“, - ნათქვამია განცხადებაში.