ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა ხანძრითაც ხასიათდება, მისი ჩაქრობა მარტივი არ არის, - ამის შესახებ „კვირის პალიტრას“ ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა.
როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, ეს არის კლიმატის ცვლილებების შედეგი.
„დარწმუნებული ვარ, ძნელად მისასვლელ ადგილებზე მოსახლეობაც არ იქნებოდა მისული და სპეციალურად არავინ მოუკიდებდა ცეცხლს. იმის გამო, რომ ამ პერიოდში მაღალი ტემპერტურა იყო, ამას გარდა, ეს დამოკიდებულია ტენიანობასა და ქარებზე, თან, როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობა საწყის ეტაპზე ვერ მოხერხდა... სიცხეების გამო, ყველაფერი გადამხმარია, სამწუხაროდ, ხანძარი ჩვენთვის იშვიათი აღარ არის, მიმდინარე წელს ჩვენს ეკოსისტემებს წყალი დააკლდათ, წვიმები არ იყო და შედეგი არის ის, რასაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, ნახანძრალი ადგილების თვითაღდგენას სჭირდება გარკვეული პერიოდი, ტერიტორია უნდა შემოიფარგლოს, რათა საქონელმა კიდევ უფრო არ დააზიანოს ნახანძრალი ტერიტორია.
„მაგალითად, 2008 წლის ხანძრის შემდეგ ნახანძრალ ადგილებზე გაჩნდა ბალახოვანი საფარი, ახლაც იგივე სიტუაცია იქნება, უბრალოდ ახლა უნდა მოახერხონ, რომ ცეცხლი კიდევ მეტად არ გავრცელდეს, ხოლო იმისთვის, რომ არ გავრცელდეს, არსებობს მთელი ტექნოლოგიები, რომლითაც უნდა იმუშაონ სატყეო ჯგუფებმა, ტყეში ხანძრის ჩაქრობა მარტივი არ არის და ამას სჭირდება კვალიფიციური ჯგუფი. ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა ხანძრითაც ხასიათდება, მისი ჩაქრობა მარტივი არ არის, ერთ-ერთი გზაა ტრანშეების გათხრა. სამწუხაროდ, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან, ბოლომდე არ არიან ინფორმირებულები რა და როგორ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ჩხობაძემ.
რაც შეეხება 2008 წელს დამწვარ ტერიტორიებს, მისივე თქმით, რამდენიმე პროექტის საშუალებით ახალი ნარგავები დაირგო, ამის გარდა, ნახანძრალმა ბუნებრივადაც დაიწყო აღდგენა.
„2008 წელს იყო პროგნოზი, რომ დამწვარ ადგილას საფარი აღარ აღდგებოდა, მაგრამ 2-3 წელიწადში ძველ ტერიტორიებზე ბალახოვანი საფარი გაჩნდა“, - განაცხადა ჩხობაძემ.