"ექსპო ჯორჯიაში" მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დღეს იხსნება

რიგით მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "ექსპო ჯორჯიაში" დღეს გაიხსნება და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ორგანიზაცია - ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

ღონისძიებაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უცხოური კომპანიები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხათუნა გოგალაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები.