6 უმსხვილესი ქართული კომპანია, რომელიც გაკოტრდა

კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება ქართული ბაზრისთვის უკვე კარგა ხანია უცხო ტერმინი აღარ არის.

გაკოტრებასთან იმ შემთხვევაში გვაქვს საქმე, როდესაც კომპანიის ვალდებულებები მისი აქტივების საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მსხვილი კომპანია გაკოტრდა. მათ შორის იყვნენ როგორც სადაზღვევო ისე კომერციული თუ საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერები.

„არქიმედეს გლობალ ჯორჯია”

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია” 2014 წელს გაკოტრდა. კომპანიაში ფინანსური პრობლემები 2013 წლიდან დაიწყო. ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” მიერ პროვაიდერი კლინიკებისა და სახელმწიფოს წინაშე დაგროვებული დავალიანების მოცულობა მილიონობით ლარს აჭარბებდა.

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” საქართველოს 300 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაზღვეული.

მეგაკომი

პირველი მობილური ოპერატორი საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გაჩნდა - 1996 წელს ადგილობრივ ბაზარზე "მეგაკომი" შემოვიდა.კომპანია რომელიც წლების განმავლობაში დიდი სისწრაფით იზრდებოდა და საკმაოდ მომგებიან ბიზნესს წარმოადგენდა, GSM- თან კონკურენციაში დამარცხდა და გაკოტრდა.

პოპული

სუპერმარკეტების პირველი ქსელი საქართველოში, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მაღაზიათა ქსელი საკმაოდ სწრაფად და წარმატებით ვითარდებოდა. „პოპულს“ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი ჰქონდა და 44 სავაჭრო ობიექტს აერთიანებდა. კომპანიაში ფინანსური პრობლემები 2012 წლიდან დაიწყო. სასამართლომ „პოპულის“ დამფუძნებლების მიერ შეტანილი განაცხადი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ 2013 წელს მიიღო. მალევე კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.

ნიუ ენერჯი

სახელმწიფო დაკვეთების შემსრულებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში, გაკოტრების რეჟიმზე 2012 წელს გადავიდა. ათეულობით საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები და მილიონობით ლარის დავალიანება დაუგროვდა. კომპანიის საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. „ნიუ ენერჯის“ დამფუძნებელი და მფლობელი ბიზნესმენი ლუხუმ კაპანაძე იყო. კომპანიის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დევნილთა სახლების მშენებლობა იყო.

საფინანსო კომპანია „საქართველო“

კომპანიას ეროვნულმა ბანკმა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა გასული წლის ოქტომბერში აუკრძალა. საფინანსო კომპანია „საქართველომ“ ბაზარი ათასობით მოტყუებული და დაზარალებული მეანაბრით დატოვა. კომპანიის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების გამო, თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია რამდენჯერმე გაიმართა. გასულ წელსვე გაკოტრდა კიდევ ერთი საფინანსო კომპანია MFX BROKER GEORGIA.

ART-იმედი

ყოფილი ქართული საპროდიუსერო კომპანია. იგი 2002 წელს ჩამოაყალიბა ბადრი პატარკაციშვილმა. კომპანიაში გაწევრიანდნენ მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები. კომპოანიის მოვალეობებში შედიოდა მის ქვეშ გაერთიანებული მუსიკოსებისა და მომღერლების შემოქმედების მართვა, მათი პრომოუშენი-პოპულარიზაცია. არტ-იმედმა რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა. კომპანია ქმედითუნარიანი ვერ აღმოჩნდა და 2004 წელს დაიშალა. კომპანიაში უამრავი მომღერალი იყო გაწევრიანებული, რომელთაც უხდიდნენ ყოველთვიურ ფიქსირებულ ხელფასს, ფიჭურ ტელეფონებზე საუბრის გადასახადს და საწვავის ფულს. ამ მომღერლებში ჩადებული თანხიდან კი შემოსავალი მინიმალური იყო, რამაც კომპანიის გაკოტრება გამოიწვია.

ქრისტინე გამთენაძე