აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში წამლობა უკვე 8305 ჰექტარზეა ჩატარებული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე 53 000 ჰა თხილის ფართობია დამუშავებული.

”ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში წამლობა უკვე 8305 ჰექტარზეა ჩატარებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. დღეისათვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 6240 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდსა და ლანჩხუთში. აბაშის მუნიციპალიტეტში სატრაქტორო აგრეგატებით დამუშავებულია 800 ჰექტარი ფართობი, სამანქანე აგრეგატებით - 1265 ჰა. დღეიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. ბრძოლის ღონისძიებების მეორე ეტაპზე სულ 30 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი”, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.