საბანკო სექტორი მზადაა, სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში  აქტიური მონაწილეობა მიიღოს

საბანკო სექტორი მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციასა და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით.ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საბანკო სექტორი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი, ვერ იქნება გულგრილი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დღეებში, მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას სტიქიასთან ბრძოლის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მომენტში. საქართველოს საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და ყოველწლიურად ზრდის ეკონომიკის დაფინანსების მოცულობას, ყოველთვის სოლიდარული იყო იმ სტიქიური და ექსტრემალური სიტუაციებისას, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გასულ წლებში განვითარდა, ეხება რა ეს 2008 წლის აგვისტოს ომის თუ თბილისში 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო შედეგების, სოლიდური მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შედეგად, ეს პრობლემა გლობლურ ხასიათს ატარებს და ამ სახის კატაკლიზმებისაგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რაც სამწუხაროდ, ხშირად ადამიანური ტრაგედიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების მიზეზი ხდება. ჩვენ სოლიდარულები და მადლობელი უნდა ვიყოთ პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ დღეებში მართლა გმირული შემართებით, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის სტიქიას. ასევე, ყველა იმ ქვეყნის, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გვიწევენ.

საბანკო სექტორი ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრის კერებთან დაკავშირებით, უერთდება რა პრემიერ - მინისტრის განცხადებას, გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოს ბანკების ასოციაცია, უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საბანკო სექტორი მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება, ხოლო ბანკების მხრიდან თუ რა სახის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა იქნება გამოყოფილი, დამწვარი ტერიტორიების აღდგენის და ხანძრის პრევენციის კუთხით, ამის შესახებ განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდებაა“, - ნათქვამია საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.