ჩვენი მოლოდინით, 100-ზე მეტმა კომპანიამ ინდუსტიულად 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი უნდა გადაამუშაოს.ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილი დღეს თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“, 2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბს გახსნის.
როგორც მან განაცხადა, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
”წელს ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული, კარგი რთველი უნდა გვქონდეს, რადგან ერთი მხრივ, მართლაც უხვი მოსავალია. ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი მოსავალი გვაქვს. ვფიქრობთ, სარეკორდო მოსავალი უნდა გვქონდეს. ჩვენი მოლოდინით, 100-ზე მეტმა კომპანიამ ინდუსტიულად 150 000 ტონაზე მეტი ყურძენი უნდა გადაამუშაოს. მოსავალი უხვია, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა. ჩვენი მოლოდინით, წელს დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული ღვინის რეკორდული ექსპორტი იქნება”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის მოლოდინია, რომ 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო დაახლოებით, 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, ასევე, აღსანიშნავია ის ღონისძიებები, რომელთაც ღვინის ან სპირტის მწარმოებელი კომპანიების დახმარების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს. აღნიშნულ თემაზე საუბრის კონტექსტში, მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური კომპონენტის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
”მაქსიმალურად მოტივირებულია კერძო სექტორი, რომ წელს ყურძენი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს და არ დარჩება. მნიშვნელოვნია, რომ პროცესი ორგანიზებულად ჩატარდეს. საბრენდე სპირტის მწარმოებელი კომპანიებისთვის 1 კილოგრამ რქაწითელსა და მწვანეზე 35 თეთრის კომპენსაცია გაიცემა, რათა მათაც გაუჩნდეთ ინტერესი, რომ აღნიშნული ყურძნის სახეობები შეიძინონ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.