სეულის საოლქო სასამართლომ Samsung-ის კომპანიების ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს ლი ჩჟე იონს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.
სასამართლომ მილიარდერი ბიზნესმენი ლი ჩჟე იონი დამნაშავედ სცნო სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენლებისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებაზე.
ამავე საქმეზე სამხრეთკორეული კორპორაციის ხელმძღვანელობის კიდევ ორმა წევრმა ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მიიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ლი ჩჟე იონი ქრთამს იძლეოდა, რათა ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონოდა.
ქრთამის ჯამურმა თანხამ, რომლის გადაცემა დამტკიცებულია, 5,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სასამართლომ ლი ჩჟე იონი ასევე ბრალდებულად სცნო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის დამალვაში და საზღვარგარეთ ფულადი აქტივების უკანონო გადარიცხვებში.
კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის „სამსუნგმა“ ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს. საუბარია 36 მილიონ დოლარზე, რომელიც დაკავებულმა ამ კონკრეტულ ფონდში გადარიცხა, საპენსიო მომსახურებისთვის განკუთვნილი ორი შვილობილი კომპანიის შერწყმის პროცესის მხარდასაჭერად.
მომხდარის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტის შედეგად უფლებამოსილება გასული წლის 9 დეკემბერს შეუჩერდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტის მეგობარი ქალი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანმდებობა არ ეკავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეებში ერეოდა და კავშირების გამოყენებით სერიოზულ სარგებელს იღებდა.