მონოპოლიზაცია და კორუფციის რისკი - რა ბედი ელის საქართველოში მეფრინველეობის დარგს?

„მთავრობა ადგილობრივ წარმოებაზე არ ფიქრობს“ - ასე აფასებენ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები იმ ცვლილებას, რომელიც 24 აგვისტოდან ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, მწარმოებელს ვეტერინარული შემოწმებისთვის 1 ფრთა ფრინველზე (ტანხორცზე) 5 თეთრის გადახდა მოუწევს.

"მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მნიშვნელოვან პრობლემად ქვეყანაში ფრინველების სასაკლაოების არარსებობას ასახელებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება დარგის მონოპოლიზაციას გამოიწვევს.

„საუბარია ფორმა 2-ზე, რაც სასაკლაოზე დაკვლის წინა და დაკლის შემდგომ ვეტერინარულ დათვალიერებას გულისხმობს. თუმცა, ქვეყანაში სასაკლაოები არ გვაქვს და მეწარმეთა 25-30% ბაზარზე სასაკლაოს გვერდის ავლით ოპერირებს. შესაბამისად, ბუნდოვანია სამიზნე ჯგუფი თუ ვისთვის შემოიღეს რეგულაცია. დაახლოებით, 15-20 ათასის ფარგლებშია იმ მეწარმეთა რიცხვი, რომლებიც ამ საქმიანობას საოჯახო პირობებში ეწევიან და თავს ირჩენენ. თუმცა, გაურკვეველია სად აღმოჩნდება ეს ხალხი ხვალ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ დარგის მონოპოლიზაციისკენ წავალთ. ბაზარზე 2-3 მეწარმეს შორის მოხდება გადანაწილება და მცირე მწარმოებლებისთვის ადგილი აღარ დარჩება,“ - აღნიშნა გიგაშვილმა.

მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი კი ამ ცვლილებაში კორუფციულ რისკებს ხედავს და მიიჩნევს, რომ მთავრობა ადგილობრივ წარმოებაზე არ ფიქრობს.

„კორუფციის სერიოზული რისკია. ვქირაობ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ჩემთან უნდა იჯდეს და შემამოწმოს. იდიოტიზმი არ არის?! ამასთან, ახალი რეგულირება რომ შემოდის ხომ უნდა ჩაგვაყენონ საქმის კურსში,“ - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.