ირანულ ნავთობზე გარიგების გამო აშშ რუსეთს სანქციებით დაემუქრა

მოსკოვსა და თეირანს შორის სავარაუდო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს დღეში 500 ათასი ბარელი ირანული ნავთობის გაცვლას რუსულ ტექნოლოგიებზე, ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს, - განუცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯეიკობ ლიუმ თავის რუს კოლეგას, ანტონ სილუანოვს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

ორ დიდ მეზობელს შორის გარიგება ბოლო თვეებია, პრესის ფურცლებზე აქტიურად განიხილება.

”ლიუმ ნათლად გააგებინა, რომ ტრანზაქციაში მონაწილე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მისამართით შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს”, - აცხადებენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.

როგორც რუსული პრესა იუწყება, ირან-რუსეთის გარიგების საერთო ღირებულება 20 მილიარდ დოლარს აღწევს. ამერიკელი ექსპერტების გათვლებით კი, ეს საშუალება მისცემს ირანს, ნავთობის ექსპორტი 50%-ით გაზარდოს და თვეში 1,5 მილიარდი დოლარი მიიღოს. აშშ-ში შიშობენ, რომ აღნიშნული შემოსავალი ირანს უბიძგებს, დაარღვიოს საერთაშორისო შეთანხმება და კვლავ დაიწყოს ენერგეტიკული პროგრამის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ დიდი ”ექვსეულის” შეთანხმებით, ირანმა უარი თქვა ურანის გამდიდრების პროექტზე, სანაცვლოდ კი, 1-ლი თებერვლიდან საშუალება მიეცემა, დასავლურ ბანკებში გაყინული აქტივები - 4,2 მილიარდი დოლარი, ეტაპობრივად მიიღოს.