კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 154.1 მილიონი ლარით (0.8%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1%-ით გაიზარდა).
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საკრედიტო დაბანდების მოცულობამ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოსათვის 19.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 205.4 მილიონი ლარით (2.7%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 51.2 მილიონი ლარით ანუ 0.5%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2%-ით) შემცირდა.
”რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.3 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მილიარდი ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით ნაკლები).
2017 წლის ივლისში 1.6 პროცენტით ანუ 157.6 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 9.9 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.68 პროცენტული პუნქტით გაიზარდა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.