მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი სარისკო პროფესიების მქონე ადამიანების შემოსავალს 6-8-ჯერ აღემატება

მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი მათსავე უწყებაში დასაქმებული სარისკო პროფესიების მქონე ადამიანების შემოსავალს 6-8-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრების მიერ მიღებული შემოსავლები მათ მიერ შევსებული 2015-2016 წლის საჯარო დეკლარაციებიდან არის აღებული.

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდი ifact.ge წერს, მეხანძრის ყოველთვიური ხელფასი 500-800 ლარია, მაშველის - 500; პოლიციელის კი 1 000 ლარია; მაშინ როცა შს მინისტრს თვეში 6 321 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს.

თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი თუ 5 228 ლარია, ჯარისკაცების ხელფასი თვეში - 1000 ლარს შეადგენს.

დაცული ტერიტორიების რეინჯერის ყოველთვიური ხელფასი - 400-500 ლარია; მაშინ როცა გარემოს დაცვის მინისტრის შემოსავალი თვეში - 4 166 ლარია. ხოლო მეეზოვის ყოველთვიური შემოსავალი - 300 – 450 ლარია.

წყარო: ifact.ge

bpn