ბორჯომის ხეობაში ძლიერმა ხანძარმა, რომლის კერების სრულად ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხდა, ათობით ჰექტარი ტყე გაანადგურა, რომლის აღდგენის ინიციატივა რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა.
კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები ჩატარდება ნახანძრალ ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია. ეკოლოგ ნინო ჩხობაძის განმარტებით, ტყის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, სატყეო შეთესვა, ნერგის შეტანა ან ბუნებრივი განახლება, რომელიც მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვასა და ნებისმიერი ჩარევის შეზღუდვას გულისხმობს.
"როდის აღდგება დამწვარი ტყე, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა პრაქტიკაში, ნახანძრალზე მცენარეები თვითაღდგენას დაახლოებით, 3 წელიწადში ახდნენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია შემოიღობება და პირუტყვის შეშვება არ მოხდება. ჯერ უნდა აღდგეს ბალახის საფარი, შემდეგ ბუჩქოვანი მცენარეები, რის შემდეგაც ბუნებრივი განახლების პროცესს ხე–მცენარეებიც დაიწყებენ," – განმარტავს ნინო ჩხობაძე.
გარდა ამისა, ხანძრის შედეგად ნადგურდება ჰუმუსის ფენა, რომელსაც აღდგენისთვის გარკვეული პერიოდი ესაჭიროება, რათა მასზე მცენარეები ისევ აღმოცენდეს. ნინო ჩხობაძის თქმით, რამდენად დაზიანდა ნიადაგი, ამას კვლევა დაადგენს.
"ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ უნდა შეფასდეს მიყენებული ზარალი, უნდა გაკეთდეს გეგმა. პირველი სამუშაოების დაწყება შემოდგომიდანვეა შესაძლებელი. აქ ძირითადად, წიწვოვანი მცენარეები იყო გავრცელებული, თუმცა ტყის აღდენა ფოთლოვანი მცენარეებით უნდა დაიწყოს, რათა ეკოსისტემები ბუნებრივად აღდგეს," – აღნიშნავს ეკოლოგი. იხილეთ გაგრძელება