დავით ნარმანია: 2013 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 800 მლნ ლარი დაიხარჯა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2013 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 800 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

როგორც ნარმანიამ მისი უწყების მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული სამუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.

"ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით, როგორც გზების მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით - 160 კილომეტრზე მეტი მეორადი კატეგორიის გზა გაკეთდა. სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუშაობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, თუმცა 2014 წელს ეს სამუშაოები უფრო ინტენსიური იქნება" - ამის შესახებ მინისტრმა საკუთარი მინისტრობის პერიოდში შესრულებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა.

ნარმანიას შეფასებით, მისი მინისტრობის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა წყალმომარაგების სამუშაოები. როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა საპროექტო დოკუმენტაცია დასრულებულია და 2014 წელს 28-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ძალიან მსხვილი და მასშტაბური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით, ფონდის ადმინისტრირების ფარგლებში, გასულ წელს 200 მილიონ ლარზე მეტი სამუშაოები იქნა დაფინანსებული.

ასევე, მისი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის კუთხითაც საქართველოში პირველად სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და ამ წლის გაზაფხულზე მოწესრიგდა 9 ერთეული რეგიონული ნაგავსაყრელი, ხოლო 11 ერთეულის მოწესრიგება 2014 წელსაა დაგეგმილი.