მექსიკის მთავრობა არ აპირებს აშშ-სთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.შესაბამისი განცხადება მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„მექსიკის მთავრობა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებს კედლის ან სხვა ფიზიკური ბარიერის მშენებლობას აშშ-სთან საზღვრის გასწვრივ. ამგვარი პოზიცია მოლაპარაკებებზე არა მექსიკის სტრატეგიას, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების პრინციპს პასუხობს“, - ნათქვამია მექსიკის საგარეო უწყების განცხადებაში.
გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას უწოდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც კრიმინალის დონე ძალიან მაღალია და განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობაა საჭირო.
მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჯერ კიდევ 25 იანვარს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას კედლის მშენებლობის თაობაზე. დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს.