ვენესუელას ოპოზიციური პარტიების კოალიცია მხარს უჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ეკონომიკური კონტაქტები შეზღუდონ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
შესაბამისი განცხადება „დემოკრატიული ერთიანობის ბლოკმა“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს სანქციებს ადამიანის უფლებების დამრღვევებსა და სახელმწიფო რესურსების მფლანგველებთან მიმართებაში იმ პირობებში, როდესაც ვენესუელაში მიუკერძოებელი სასამართლო არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვენესუელას ოპოზიციური პარტიების კოალიცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, თავი შეიკავოს მთავრობასთან ეკონომიკური კონტაქტებისგან.
„ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააფრთხილონ თავიანთი მოქალაქეები და კომპანიები, თავი შეიკავონ ფინანსური ოპერაციებისგან ან კონტრაქტებისგან ვენესუელას მთავრობასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გასულ პარასკევს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესა.