”სი-თი პარკის” გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ ბოლო ოთხ წელიწადში მილიონს გადააჭარბა

”სი-თი პარკის“ ჯარიმებით გადახდილმა თანხამ თბილისის მთავრობის ანგარიშზე 2009-2013 წლებში, სულ მცირე, 11,6 მილიონი ლარი შეადგინა, - აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამი წლის განმავლობაში სულ, თითქმის, 1,2 მილიონი ჯარიმა გამოიწერა, ”კონკრეტულად, რა სიდიდის ჯარიმებზეა საუბარი, ”სი-თი პარკის” მერიისადმი მიწოდებული ანგარიშებიდან არ ჩანს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის”, - აღნიშნავენ IDFI-ში.

თუმცა, გაცილებით ადრინდელი (2007-2009 წლების) მონაცემები ორგანიზაციამ ვერ მოიპოვა, მიუხედავად თბილისის მერიისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილისა. ისევე როგორც ინფორმაცია ”სი-ტი პარკის” მთელი არსებობის მანძილზე პარკირების საფასურით ჩარიცხული თანხების შესახებ.

IDFI-ის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2010 წლის ივნისისა და დეკემბრის ანგარიშებმა, რომელიც 2010 წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს და ქ. თბილისის მერის არჩევნების პერიოდს ემთხვევა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ”საზოგადოების ინფორმირების მიზნით არ ჩატარებულა დამატებითი ღონისძიებები, რაც განპირობებული იყო საგადახდო სისტემების გაუქმებით, აგრეთვე, თბილისის მთავრობის სურვილის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილიყო ცოტა ხმაური პარკირების საკითხთან დაკავშირებით”. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ამ გადაწყვეტილებამ ”უარყოფითი გავლენა იქონია შემოსავლების გენერირებაზე.“

”აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდებში, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თბილისი მერიის მხრიდან „სი-ტი პარკის“ საქმიანობის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მანიპულირებები ხორციელდებოდა არჩევნების წინ მოსახლეობის განწყობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა 2007 წლის 9 ნოემბერს გაიმარჯვა. აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

7 წლის წინ მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი კვლავ ხელმიუწვდომელია. საკრებულოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „კომპანიაში შესული თანხები და დანახარჯები არაპროპორციულია“, რაც ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის მიმართ კითხვებს ბადებს.