მცხეთაში დამისამართება სექტემბრამდე დასრულდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთაში მთლიანად დასრულებულია ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა –ინვენტარიზაცია.

როგორც ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, სრულად არის აღწერილი 1000-მდე, ხოლო აღსაწერია 4000-მდე სამისამართო ერთეული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე თევდორაძის განცხადებით, სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები გახდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, იოსებ ბაღათურიას თქმით, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაასრულებს ინვენტარიზაციის პროცესს, სერვისების განვითარების სააგენტო ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

მცხეთის რაიონში მისამართების აღწერა-ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს საჯარო რეესტრის მობილური ჯგუფები ასრულებენ. საჯარო რეესტრი, ინვენტარიზაციის შემდეგ, ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დანომვრას განახორციელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროცესი 2014 წლის სექტემბრამდე დასრულდება.