ზაფხულის სეზონზე უკრაინელი დამსვენებლების 30%-ს საქართველოში ელიან

ყირიმის კრიზისის გამო, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში, ისე ტურისტულ კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ყირიმში შემქნილი ვითარების გამო, იქ დამსვენებელი ტურისტების ნაკადი შავ ზღვის სხვა კურორტებზე, მათ შორის საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე გააკეთებენ არჩევანს.

"ყირიმში ყოველწლიურად 6 მილიონი ტურისტი ჩადის. აქედან 4,5 მილიონი არის შიდა ტურისტი, ანუ უკრაინელები. გასაგები მიზეზების გამო, ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც ირჩევს შავ ზღვაზე დასვენებას. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო, არათუ ჩამოუვარდება, ბევრად აღემატება ყირიმის ტურისტულ ინფრასტრუქტურას", - განუცხადა BPN-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ ტუსიტული კომპანიები, რომლებიც ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ისინი მთავარ ინფრასტრუქტურულ პრობლემად სასტუმროების ქსელის ნაკლებობას ასახელებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ წლევანდელი სეზონი, წინაზე წარმატებული იქნება.

"ტურისტების ყველაზე დიდ ნაკადს ველოდებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთიდან და უკრაინიდან. ალბათ, თავისთავად გაიზრდება ტურისტების ნაკადი ყირიმის მოვლენების გამო, იმიტომ რომ, როცა დაიკეტა ეგვიპტე, ძალიან გააქტიურდა დუბაი და თურქეთი. დაიკეტა ყირიმი და გავაქტიურდებით ჩვენც," - განაცხადა Georgian Tour-ის დამფუძნებელმა დირექტორმა, თეონა ნემსიწვერაძემ.

მისი ვარაუდით უკრაინელი დამსვენებლების 30% ქართულ კურორტებზე შეაჩერებს არჩევანს, რის გამოც ტურისტულმა კომპანიებმა ტურისტული სეზონისთვის მზადება წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყეს.

"ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განვიცდით, ეს არის სასტუმროები. ინფორმირებულები ვართ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, ძალიან დაინტერესებულები ვართ და ყოველთვის ვკითხულობთ, როდის გაიხსნება ეს სასტუმროები. მოლოდინი არის ძალიან დიდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი გახსნა რამდენიმე თვით გადავადდა, რაც პრობლემებს გვიქმნის, რადგან ამ ახალ სასტუმროებში უკვე გვქონდა ნაყიდი ნომრები. მაგალითად, Rooms Hotel თბილისი უნდა გახსნილიყო მაისის ბოლოს, თუმცა თარიღმა გადაიწია", - ამბობს თეონა ნემსიწვერაძე.

ყირიმიდან ტურისტების ნაკადის ზრდის შესაძლებლობაზე BPN-თან საუბრობს ტური.ჯი-ს წარმომადგენელი დავით გაჩეჩილაძეც. მისი თქმით, მის სააგენტოს უკვე აქტიურად უკავშირდებიან და ის დარწმუნებულია, რომ დამსვენებლების ის ნაწილი, ვინც ყირიმში აპირებდა დასვენებას, საქართველოზე გააკეთებს არჩევანს.

"უკრაინიდან, რა თქმა უნდა, ნაკადმა მოიმატა, ინტერესმა მოიმატა, იმიტომ რომ, უბრალოდ ის ტურები გაუქმდა, რაც ყირიმს ეხებოდა. ზოგადად, აქტიურად ვემზადებით ახალი ტურისტული სეზონისთვის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ტურიზმისთვის საქართველოში არის ღვინო, შემდეგ მთიანი საქართველო - და ზოგადად კულტურული ტურიზმი ჩვენთან ძალიან პოპულარულია. ასევე ახლა ძალიან სწრაფად იდგამს ფეხს ექსტრემალური ტურიზმი," - ამბობს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, მართალია, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დინამიკა საქართველოში სუსტია, მაგრამ ტურისტული სექტორის გაძლიერებასთან ერთად ინფრასტრუქტურაც გაძლიერდება.

"არსებობს ტურისტული ასოციაცია, რომელიც ცდილობს, რომ გილდიის მაგვარი რაღაც შექმნას, რომ ტურისტულმა კომპანიებმა ერთიანი ძალებით მოაგვარონ ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სასტუმროების ქსელები და მათი ან არარსებობა ან სათადანო დონეზე არარსებობა. რეგიონებში, მაგალითად, არ არსებობს სასტუმრო, რომელიც 1000-კაციან ჯგუფს მიიღებდა. მეორე პრობლემური საკითხი კი არის ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები", - აღნიშნა დავით გაჩეჩილაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ტურისტული კომპანიების მთავარ პრობლემასთან, სასტუმროებთან დაკავშირებით, ამბობს, რომ წელს და გაისად საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, მათ შორისაა, "ინტერკონტინენტალი", "რიქსოსი", "ჰილტონი", "კემპინსკი" და "რედისონი".

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია :

30 % of tourists expected to visit Georgian resorts instead of Ukraine this summer

ნინო ჩიჩუა