ავტომობილების უკრაინელი კოლექციონერი ანდრეი ჯაზოვსკი და მისი გუნდი სუპერ ელექტრომობილ „ჰიმერაზე“ (Himera) მუშაობას ამთავრებენ, რომლის გამოშვებაც ბარსელონაში იგეგმება.
როგორც ჯაზოვსკი ამბობს, მისი შეძენის სურვილი უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს გამოუთქვამს. არადა, „ჰიმერას“ საორიენტაციო ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 700 ათასი ევროა...
სუპერ ავტომობილის ძირითად ვერსია ელექტრულია, მაგრამ არსებობს მისი შიგაწვისძრავიანი ვერსიაც. ორივეს პროტოტიპი დამზადებულია და საგზაო ტესტებს ესპანეთში, ერთ-ერთ სარბოლო ტრეკზე გადის. თუმცა ჯაზოვსკი და მისი ჯგუფი აქცენტს ელექტრომობილზე აკეთებენ.
ის ოთხი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 1 000 ცხენის ძალაზე მეტია.
ელექტრომობილი აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიით დამზადებული (გრაფენის გამოყენებით) ელემენტების ბლოკით, რომელიც „ჰიმერას“ ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში, 500 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. ინჟინრების გათვლებით, სუპერ ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრს მიაღწევს, ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად კი მას სამ წამზე ნაკლები ეყოფა.
ჯაზოვსკი და მისი ჯგუფი ჯერჯერობით შიგაწვისძრავიანი „ჰიმერას“ დინამიკურ მახასიათებლებს არ ამხელენ, თუმცა ამბობენ, რომ მას ელექტრომობილის მსგავსი მონაცემები ექნება. ელექტრომობილის ელემენტების ბლოკის ტევადობა 86 კილოვატსაათია, სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა მას ენერგიით ნახევარ საათში ავსებს.
„ჰიმერას“ შემუშავებაზე უკრაინელ ინჟინრებთან ერთად, ესპანელი სპეციალისტებიც მუშაობენ, მისი გამოშვება კი ბარსელონაში იგეგმება.