მიუხედავად იმისა, რომ ტექსასში ქარიშხალ ჰარვის არნახული წყალდიდობა მოჰყვა, რის გამოც, 13 ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაიხურა, ნედლი ნავთობის ფასი მაინც შემცირდა.
იმავდროულად, ორშაბათს შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასმა გალონში (3.78 ლიტრი) 1.7799 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. დღეს ბენზინის ფასი 1.7078 დოლარამდე ჩამოვიდა და ქარიშხლის ჩაცხრობის შემდეგ, კიდევ უფრო შემცირდება.
მარკა ბრენტის ფასი (ბარელში) 42 ცენტით, 51.47 დოლარამდე შემცირდა, თუმცა სავაჭრო სესიის დასაწყისში, 52.19 დოლარამდე იყო მომატებული. ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი 10 ცენტით შემცირდა და ბარელში 46.47 დოლარზე ჩამოვიდა. წინა სესიაზე კლება უფრო მკვეთრი, 2-პროცენტიანი იყო.
ანალიტიკოსები ქარიშხლის ბობოქრობის დროს, ნავთობის ფასების რყევების გაგრძელებას ელიან. მართალია, რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ამუშავებას აპირებს, მაგრამ სინოპტიკოსები ირწმუნებიან, რომ ძლიერი წვიმები ოთხშაბათამდე გაგრძელდება და შესაბამისად, დატბორილ ჰიუსტონსაც მხოლოდ ამის შემდეგ თუ მიეცემა შვება.
ამერიკაში ქარიშხლის გამო გამომხდელი საწარმოების გაჩერებას გარკვეულწილად, აზიური წარმოება აბალანსებენ, რომლებმაც საწვავის წარმოება გაზარდეს. ეს ბრენტის ფასს ზევით უბიძგებს და თუ აღმოჩნდა, რომ ქარიშხალმა ნავთობის ტექასასური ინფრასტრუქტურა ძლიერ დააზიანა, ეს WTI-ს ზრდას გამოიწვევს.
ბანკ „ბერკლიზის“ მონაცემებით, ქარიშხლის გამო, უმოქმედოდ დარჩა საწარმოები, რომელთა წარმოების დღიური ჯამური სიმძლავრე 2-3 მილიონი ბარელია. კიდევ დაახლოებით ნახევარი მილიონის წარმოება გაჩერებას აპირებს. ამასთან, ქარიშხლით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
პარალელურად, კვლავ არასტაბილურად მუშაობს ლიბიის და კოლუმბიის ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიები. ლიბიაში ისევ დაიხურა სამი ჭაბურღილი და ქვეყნის ეროვნულმა ნავთობის კორპორაციამ კიდევ რამდენიმე ჭაბურღილზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაახლოებით ერთი კვირით დაიხურა ლიბიის უდიდესი, შარარას საბადო, რომლის მოპოვების დღიური სიმძლავრე 280 000 ბარელია.
კოლუმბიაში მემარცხენე აჯანყებულების გააქტიურებამ, ქვეყნის მეორე უდიდესი ნავთობსადენის, კანო-ლიმონ კოვენასის გაჩერება გამოიწვია. ეს სადენი დღეში 210 000 ბარელი ნავთობის გატარებას უზრუნველყოფს.