ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,8% შეადგინა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,4 პროცენტი შეადგინა , - ამის შესახებ საქსტატი იუწყება.

„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.