სააღდგომოდ კვერცხზე ფასები არ გაიზრდება

ფრინველის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კოდა“ წინასააღდგომოდ 5 მლნ კვერცხის რეალიზაციას გეგმავს.

კომპანიის ფინანსური მენეჯერის, კახა მეგრელიშვილის განცხადებით, კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, არც ფასის ზრდა იგეგმება და არც დეფიციტია მოსალოდნელი.

ქვეყანაში კვერცხის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის უკვე დაახლოებით 5 მლნ ცალს აღწევს. კვერცხი საქართველოში ძირითადად თურქეთიდან შემოდის, თუმცა იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ასევე მოლდოვა და ბელორუსი.

მეგრელიშვილის შეფასებით, ადგილობრივ წარმოებას ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად შეუძლია, თუმცა შემდგომში პრობლემების თავიდან ასაცილებლად ნაშთის სრულად ამოწურვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

2013 წელს საქართველოში ადგილობრივ მწარმოებლებს რეალიზაციის მაჩვენებელი შეუმცირდათ, მაშინ მიზეზად იმპორტისთვის ბაზრის გახსნა და შესაბამისად, მისი ზრდა დასახელდა.

„კოდამ“ 2013 წელს 82 მლნ ცალი კვერცხის რეალიზაცია მოახერხა, წელს კი ამ მაჩვენებლის 90-92 მლნ-მდე გაუმჯობესებას ვარაუდობს.