მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს იყო 20 წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი, რომელიც სულ მალე ამოქმედდება და რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დედაქალაქის განვითარებაში. მათი თქმით, თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბების რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 2.6 კმ; სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობების, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე ამოსასვლელების მოწყობა. ამასთან, გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმა "ეუროესტუდიომ" მოამზადა.