Honeywell-ის პრეზიდენტი საქართველოს ბიზნესგარემოთი მოხიბლულია

"მოხიბლული ვართ საქართველოს ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოთი და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულებით", - ამის შესახებ კომპანია Honeywell-ის პრეზიდენტმა, შეინ ტეჯარეთიმ განაცხადა.

შეინ ტეჯარეთი ელის, რომ მისი კომპანია საქართველოსთან ტექნოლოგიების გამოყენება-განვითარების, სუფთა ენერგიის წარმოების, დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას შეძლებს.

საქართველოსთან თანამშრომლობას აპირებს "ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე, აჰმეტ ჩალიკიც.

როგორც უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესკლიმატის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

"საქართველოს მთავრობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მივესალმებით და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

"ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ინვესტორია. ამასთან, 2012 წლის აგვისტოში "ჩალიკ ენერჯიმ" ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდთან 200 მილიონი დოლარის მოცულობის კონტრაქტს, რომელიც გარდაბანში კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება, Honeywell-ს, მისი საქმიანობის მთავარი სფეროა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და განვითარება; სუფთა ენერგიის წარმოება, დაცვა და უსაფრთხოება, გლობალიზაცია და მომხმარებლის პროდუქტიულობა.

Honeywell-ს მსოფლიოს მასშტაბით 132 000 დასაქმებული ჰყავს და აერთიანებს 22 000 მეცნიერსა და ინჟინერს. კომპანია ფოკუსირებულია სატრანსპორტო სისტემებზე, ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებსა და საჰაერო სივრცეზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრებოდა.