თუ რომელ უნივერსიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები და რომელია ამ მხრივ ყველაზე პოპულარული და რეიტინგული, ამასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.
თუმცა როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით "თავისუფალი უნივერსიტეტი" აქვეყნებს სიას, სადაც ის პირველ ადგილზეა.
ამ სიაში მეორეზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, მესამეზეა აგრარული უნივერსიტეტი, მეოთხეზე - თსუ, მეხუთეზე - დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მეექვსეზე - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა), მეშვიდეზე - პეტრე შოთაძის სახ.სამედიცინო აკადემია, მერვეზე - კავკასიის უნივერსიტეტი და მეათეზე - ილიაუნი.
სია შედგენილია პრინციპით, „უნივერსიტეტების რეიტინგი საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით“.
უნივერსიტეტების რეიტინგზე საერთოდ და კონკრეტულად ამ სიაზე საუბრისგან ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში თავს იკავებენ.
„თავ ვიკავებთ ჩვენ ასეთ რეიტინგზე საუბრისგან, რომ არ გამოგვივიდეს რომელიმე კონკრეტული უმაღლესი სასწავლების რეკლამირება. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გამოქვეყნებული კვლევა არ მინახავს, თუმცა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მათ შორის „თავისუფალ უნივერსიტეტში“ რომ ყველაზე მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ თვითონ კრიტერიუმის შესახებ, რა ნიშნით არიან პირველ ადგილზე, ვერ გეტყვით, არ მინახავს.“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.
განათლების ექსპერტ ზურაბ ვახანიას თქმით, უნივერსიტეტების რეიტინგებთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა არ კეთდება, რადგან ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
„საიდან აქვს „თავისუფალ უნივერსიტეტს“ ეს მონაცემები, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა ერთს გეტყვით, სხვებისგან განსხვავებით, „თავისუფალ უნივერსიტეტს“ ცოტა უფრო მაღალი ბარიერი აქვს.
ჩვენთან მისაღები გამოცდების ბარიერი არის ძალიან დაბალი. ყველგან იმდენად დაბალია, რომ, შეიძლება ითქვას, თითქმის არ არსებობს. შესაბამისად, პირველ კურსზე სრულიად მოუმზადებელი სტუდენტები ხვდებიან, სადაც მერე ხარისხსა და რაღაც დონეზე საუბარი ლაპარაკი ზედმეტია. ამ მხრივ „თავისუფალი უნივერსიტეტი“ მართლა გამოირჩევა - ბარიერი აქვს მაღალი. არც იმას აქვს საკმარისი, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც მაღალი აქვს.
ზოგადად კი უნივერსიტეტების რეიტინგებთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა არ კეთდება, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ცახანია.
თიკო ოსმანოვა
გაზეთი „რეზონანსი"