არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი ხანძრების შედეგად განადგურებული ტყის დაუყოვნებლივ აღდგენას ფულის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოპულიზმი იქნება.
მისი თქმით, ტყე ბუნებრივადაც აღდგება და ფული, რომელიც ამაში უნდა დაიხარჯოს, ჯობია ხანძრების პრევენციას მოხმარდეს.
„ბიზნესპრესნიუსთან"ინტერვიუში მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტყის დაწვა და ბუნებრივი აღდგენა კანონზომიერი პროცესია და ხელოვნურ ჩარევას არ საჭიროებს.
ირაკლი მაჭარაშვილი:
-პირველ რიგში უნდა გადაწყდეს, რამდენად საჭიროა ამ ტყის აღდგენა. ამას სამეცნიერო კვლევა და შესწავლა სჭირდება და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ტყის ხანძრები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ხდება და გარკვეული ფართობები იწვება. ზოგჯერ ამაზე მეტი, ზოგჯერ- ნაკლები. იყო წლები, როცა ამავე რეგიონში 700 ჰექტარი დაიწვა. მაინცადამაინც იმ ტერიტორიის დაწვას ეძლევა კამპანიის ხასიათი, რომელიც რუსეთთან ომის შედეგად დაიწვა, დანარჩენს კი არა.
მახსოვს, რომ 2008 წელს „საქართველოს ბანკმა“ ამასთან დაკავშირებით დიდი კამპანია მოაწყო და განაცხადა, რომ ამ ტყეს აღადგენდა. საბოლოო ჯამში სულ 3 ჰექტარი დარგეს და ისიც სხვა ადგილზე. თუმცა, სახელი ისე გაიკეთეს, თითქოს აღდგენაზე მუშაობდნენ.
სჭირდება თუ არა ამ ტყეს აღდგენა, ეს დაკვირვების შემდეგ უნდა ითქვას. შეიძლება არც სჭირდებოდეს. შეიძლება სჯობდეს, რომ ის ძალისხმევა და თანხები სხვა რამეზე დაიხარჯოს. მაგალითად, ხანძრების პრევენციაზე.
-რა შემთხვევაში შეიძლება არ იყოს საჭირო ამ ტყის აღდგენა?
-უნდა გაირკვეს რა გაფუჭდება აღდგენის გარეშე. ყველაფრის პლიუსები და მინუსები უნდა შედარდეს - რა მოხდება და რა არ მოხდება. მათ შორის თანხობრივი თვალსაზრისით. თუ კვლევა არ ჩატარდა და არ შეფასდა, სხვანაირად შეუძლებელია.-ახლა ალბათ ბევრი შეგეკამათებოდათ და გეტყოდათ, რომ ფუჭდება ჰაერი, ბუნება...
-არ მგონია რამდენიმე ასეულმა ჰექტარმა ასეთი ზეგავლენა მოახდინოს. იმ დამწვარ ადგილას სხვა მცენარეულობა ამოდის, ბალახოვანი. ტყის დაწვა ბუნების სიკვდილს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ეკოსისტემა მეორე ეკოსისტემით იცვლება. დროთა განმავლობაში ტყე თავისთავად აღდგება. ადამიანის ჩარევა ამ პროცესს გარკვეულწილად აჩქარებს, მაგრამ ეს დიდი არაფერია. მაგალითად, ტყის ბუნებრივად აღდგენას შეიძლება 100-150 წელი დასჭირდეს, ადამიანის ჩარევამ კი შეიძლება ეს დრო მაქსიმუმ 20 წლით შეამციროს. ეგაა და ეგ, მეტი არაფერი.-ანუ, ფიქრობთ, რომ თანხა, რაც ამ ტყის აღდგენაზე უნდა დაიხარჯოს, შეუსაბამო იქნება იმ სარგებლის, რასაც აღდგენით მივიღებთ?
- უნდა შეფასდეს რამდენად ღირს აღდგენა. იმ სიტუაციაში, როცა ქვეყანაში არც ისე ბევრი ფულია, უკეთესი იქნება კამპანიური ხასიათი ხანძრების პრევენციას მიეცეს. ფონდი შეიქმას არა ტყის აღსადგენად, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შესაძენად, ან მეხანძრეების გადამზადებისათვის, ან ტყის მცველებისა და რეინჯერების შტატების გასაზრდელად და ა.შ. ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ის, რომ თანხები ნერგების დარგვაზე დაიხარჯოს. ესეც არაა ნაკლები მნიშვნელობის, მაგრამ ყველაფერი შედარებითია.-ზოგადად, რამდენად რთულია დამწვარ ტერიტორიაზე ადამიანის მიერ მწვანე საფარის აღდგენა?
-თუ აღდგენას აპირებენ, ყველაზე კარგი იქნება, რომ ეს ტერიტორია შემოიღობოს, რათა ძოვისგან და ადამიანის ჩარევისაგან დაცული იყოს. ერთი წელი მაინც უნდა დაანებონ თავი, სანამ თოვლი მოვა და დადნება, რათა გამოჩნდეს რა გადარჩა. ახლავე რომ დარგვა, ან რაიმე სხვა ღონისძიებები დაიწყონ, ეს მხოლოდ პოპულიზმი იქნება და მეტი არაფერი.