რუსთაველმა მძღოლებმა და "ინტერტრანსმა" შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერტრანსის" წარმომადგენლებს, რუსთაველ მძღოლებსა და სამარშრუტო ხაზების ე.წ. მეპატრონეებს შორის, მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი გაიმართა.

როგორც ,,ინტერტრანსში" აცხადებენ, ამ ეტაპზე კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

,,ინტერტრანსის" წარმომადგენელის, თეიმურაზ გაგუას განცხადებით, მძღოლების ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ მათ მფლობელობაში არსებული შედარებით კარგი მანქანები ხაზზე დარჩეს. როგორც გაგუა განმარტავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება ეს სამართლებრივად განხორციელდეს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ, მაგრამ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს,"- განაცხადა თეიმურაზ გაგუამ.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და საკონკურსო კომისიის თავჯდომარე რეზო თედორაძე ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა იმედოვნებს, რომ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს.