1.5 მილიონ ლარზე მეტი - დღეს ლატარიის ბოლო გათამაშებაა

დღეს, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებას ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, დღევანდელ ბოლო გათამაშებაში საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები სრულად გათამაშდება.

ლატარიის კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ თუ რამდენი ბილეთია ამ დროისათვის გაყიდული, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი მაღალია.

რაც შეეხება იმას, თუ რა ოდენობის თანხა გათამაშდება ლოტოს ბოლო გათამაშებაში, ლატარიის კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ არსებული მონაცემით, საუბარია 1.5 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.

კერძოდ, ჯეკპოტის სახით დღეს 1 587 024 ლარზე მეტი გათამაშდება. თუმცა, კომპანიის ცნობით ეს თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან გათამაშებამდე მას ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხაც დაემატება.

„გამომდინარე იქიდან რომ დღის განმავლობაში ბილეთების გაყიდვა გრძელდება, ჯეკპოტის ზუსტი რიცხვი გათამაშებისას გახდება ცნობილი. რეზერვში არსებული 500 ათას ლარზე მეტი საპრიზო ფონდს უკვე დაემატა. შედეგად ჯეკპოტის სახით დღეს 1 587 024 ლარზე მეტი გათამაშდება. თუმცა, გათამაშებამდე ეს თანხა კიდევ შეიცვლება, რადგან არსებულ ციფრს გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხაც დაემატება,“-აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯეკპოტი არ გათამაშდა არსებული თანხა სხვა, გამარჯვებულ კატეგორიებზე გადანაწილდება და 1.5 მილიონ ლარზე მეტი სრულად გათამაშდება.

„ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 20 საათსა და 40 წუთზე დაიწყება. გათამაშების ბილეთების შეძენა კი მოქალაქეებს დღეს საღამოს, 20 საათსა და 30 წუთამდე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ „ლოტო 6/36" ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება 31 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მოგებული თანხის გასანაღდებლად მოქალაქეებმა „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ბეთინგ ცენტრს უნდა მიმართონ.

ცნობისთვის, დღევანდელი ბოლო გათამაშების შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საქმიანობას წყვეტს. რის შემდეგაც 2027 წლამდე საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.