საქართველოში 4 ჰესის მშენებლობა იგეგმება, რაც 239 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება

ენერგეტიკის სამინისტრომ 4 ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საუბარია, „მტკვრის კასკადი 4 ჰესის“; „კოხი ჰესის“; „აბული ჰესისა“ და „დიღომი ჰესის“ მშენებლობაზე.

ოთხივე ჰესის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება. პროექტების სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება კი ჯამში 239 347 000 დოლარია. ჰესების მშენებლობა სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარის რეგიონსა და თბილისშია დაგეგმილი.

სამინისტროს ცნობით, ქვემო-ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვარზე „მტკვრის კასკადი 4 ჰესის“ ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „ვმ ელექტრიკი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 136 675 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 78.1 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 614.9 მილიონი კვტ.სთ-ია.

ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება აჭარის რეგიონში, მდინარე კინტრიშიზე. „კოხი ჰესის“ ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „სანი ვეი”-ის განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. ჰესის მშენებლობა სავარაუდოდ 21 მილიონ დოლარს შეადგენს. „კოხი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 11.20 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 43.10 მილიონი კვტ.სთ-ია.

სამცხე-ჯავაზეთის რეგიონში, მდინარე ფარავანზე „აბული ჰესის“ მშენებლობით კი კომპანია „ანადოლუ გრუპი” დაინტერესდა. „აბული ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 22.2 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 119.0 მილიონი კვტ.სთ-ია. რაც შეეხება ღირებულებას, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 46 672 000 დოლარს შეადგენს.

1 ჰესის აშენება იგეგმება მდინარე მტკვარზეც, თბილისში. მშენებლობით კომპანია შპს „ჯი ემ ჯი”-ი დაინტერესდა და მისი განაცხადის საფუძველზე ენერგეტიკის სამინისტრომ ჰესის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვაც გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. „დიღომი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 17.50 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 95.0 მილიონი კვტ.სთ-ია.