reclamo.ge – 2 მეგობრის მიერ ნული ლარით დაწყებული ქართული სტარტაპი

კომპანია „რეკლამო“, რომელიც მომხმარებელს ციფრული მარკეტინგის მომსახურებას სთავაზობს, ბაზარზე 1 წელია რაც არსებობს.

კომპანიის მთავარ მიღწევად მისი დამფუძნებელი სწორედ განვლილ 1 წელსა და ამ დროში მიღწეულ შედეგს ასახელებს.

როგორ დაარსდა კომპანია, რა სირთულეები შეხვდა, როგორია მისი სამომავლო გეგმები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა შეყილაძე ესაუბრა.

„ერთ-ერთ კომპანიაში სოციალური მენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობდი და იქიდან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბება. „რეკლამო“ 1 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ლაშა წიკლაურმა დავაარსეთ და მომხმარებელს ციფრული მარკეტინგის მომსახურებას ვთავაზობთ. ამ დროისათვის უკვე გვყავს 15-მდე თანამშრომელი და საკუთარი მომხმარებლები, მათ შორის დიდი კომპანიებიც, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ,“-აღნიშნა შეყილაძემ.

სირთულეები საქმიანობის დაწყებისას

პატარ-პატარა ჩავარდნები რა თმა უნდა ყოფილა, თუმცა, დღეს უკვე საკმაოდ ძლიერი კომპანია ვართ და შეგვიძლია ნებისმიერ დიდ კომპანიას მოვემსახუროთ. რაც შეეხება სირთულეებს, ყოფილა შემთხვევები, რომ თანამშრომლებს საკმარისი მოტივაცია არ ჰქონიათ, როდესაც მოგვიმზადებია რაღაც კარგი პროდუქტი, მაგრამ მომხმარებლისგან უარი მიგვიღია - ასეთი პრობლემები არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ თუ საქმე გიყვარს არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელიც უკან დაგახევინებს.

რამდენად დიდია ბაზარზე კონკურენცია და რადენად მარტივია თავის დამკვიდრება?

კონკურენცია არის, მაგრამ ჩვენ სხვანაირი მიდგომა გვაქვს. კომპანიის დაარსებიდანვე გვინდოდა მომხმარებლისთვის არა რუტინული, არამედ განსხვავებული მომსახურება შეგვეთავაზებინა. მთავარი კი რაც სხვა კომპანიებისგან გამოგვარჩევს, ჩვენი მუშაობის პრინციპია. 15-მდე ადამიანი ფაქტობრივად ერთ სამუშაო სივრცეში ვცხოვრობთ და თითოეულ პროდუქტზე გუნდური მუშაობის პრინციპით ვმუშაობთ, რაც ისეთ შედეგს გვაძლევს, რომელიც გვეამაყება.

რამდენად ხელმისაწვდომი და განვითარებულია ციფრული მარკეტინგი საქართველოში?

შეიძლება ითქვას რომ ციფრული მარკეტინგი საქართველოში საშუალო დონეზეა და ნელ-ნელა ვითარდება. ეს კი „რეკლამოს“ მსგავს კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს უფრო განავითარონ სოციალური მედიის დონე საქართველოში. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, მომხმარებელს სხვადასხვა ღირებულების პროდუქტს ვთავაზობთ და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური ფასები გვაქვს.

რა განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობს reclamo.ge მომხმარებელს?

დაახლოებით, ორი თვეა რაც ახალ პროდუქტზე ვმუშაობთ. კერძოდ, ვაპირებთ მოსახლეობას „ჩეთ ბოტების“ მომსახურება შევთავაზოთ. პროდუქტი სავარაუდოდ სექტემბერში უკვე ჩაეშვება და მოქალაქეებს მათი გამოყენება შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტინგის სფეროში „რეკლამო“ პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს „ჩეთ ბოტის“ სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს.

reclamo.ge-ს სამომავლო გეგმები

უახლოეს სამომავლო გეგმებში გვაქვს პროდუქტების საზღვარგარეთ გატანა. ამ ეტაპზე მოლაპარაკები გვაქვს ესტონეთში ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, მომავალი წლიდან ჩვენი მომსახურება და პროდუქტები უკვე ესტონეთშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, მონაწილეობას ვიღებთ „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“. წარდგენილი ვართ „წლის სტარტაპერის“ ნომინაციაში. მართალია პროექტში გამარჯვებას არ ველოდებით, რადგან ჩვენი ბიზნესი არ არის კრეატიული, თუმცა ვფიქრობთ რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

რას თვლით თქვენ მთავარ მიღწევად?

ვფიქრობ, ეს 1 წელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა. მხოლოდ 1 კომპიუტერი და 1 კამერა გვქონდა, რითაც მოვახერხეთ, რომ 1 წელში საკუთარი ოფისი გვაქვს და საკუთარი მომხმარებელი გვყავს. ფაქტობრივად, ნული ლარის კაპიტალით დავიწყეთ, ამიტომ ასეთი შედეგი ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია.

თაია არდოტელი