შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში თათბირი ჩაატარა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, თათბირზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს, მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
”ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არცერთი ახალი კერა.
ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
გუშინ საქართველოში ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
საგანგებო შტაბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ადგილზე მუშაობას განაგრძობენ”, - აცხადებენ სამინისტროში.